X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მაია ცქიტიშვილი - დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას გვადარდებს

12 ივნისი 2019

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენთვის  პრიორიტეტული პროექტია. ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება, მათ შორის იმ გადავადებების სახით, რომელიც  საჭირო იყო ინვესტორისთვის, რათა მას მოეძიებინა ან მოეზიდა საკუთარი დაფინანსება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე საუბრისას.

,,ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 21 მაისს შედგა,  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან   განვაცხადეთ, რომ 15 ივნისი, ვადა რომელიც იყო ბოლო გადავადებით განსაზღვრული დაფინანსების მოსაპოვებლად, არ იყო საკმარისი  საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოსაწერად. შესაბამისად, ჩვენ ამ შეხვედრაზევე  შევთანხმდით ბანკებთან და კონსორციუმთან, რომ ისინი წარადგენდნენ მათთვის სასურველ ვადას მათი ხედვით, რომელიც საჭირო იყო ყველა ფორმალობის დასასრულებლად.  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს თავისი შიდა პროცედურებიც აქვთ, შესაბამისად, ჩვენ კონსორციუმიდან მივიღეთ წინა კვირას ინფორმაცია  იმასთან დაკავშირებით რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა 6 თვე “-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ეს ცვლილება მოითხოვს მთავრობასთან შეთანხმებას, რაზეც უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ. რაც შეეხება შეკითხვას - მომავალში საჭირო იქნება თუ არა ფინანსური დახურვის კიდევ გადავადება, მაია ცქიტიშვილი უპასუხა, რომ  ყველას  საერთო იმედია რომ ეს აღარ იქნება საჭირო.

,,პორტის მშენებლობის ვადა არის დადგენილი ხელშეკრულებით 2020 წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, არავისთვის არ არის სასურველი გადავადება. ახლა რა გადავადებაზეც ვსაუბრობთ, ამაზეც კიდევ გვექნება საუბარი კონსორციუმთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ბუნებრივია, დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახებოდეს პორტის მშენებლობის ვადების  გადავადებაზე და ეს არის ის, რაც ყველას ერთად გვადარდებს. ამასთან, კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი, რომელზეც მას აქვს სამუშაო. ეს არის უკვე ის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული. ბუნებრივია, იმედი გვაქვს რომ კონსორციუმი ამ მიმართულებით თავისი ვალდებულების შესრულებასაც შეძლებს და ჩვენი მხრიდან, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, პრაქტიკულად ყველა იმ სურვილსა და მოთხოვნაზე, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, დავთანხმდით. ახლა იურისტების ჩართულობით მიმდინარეობს პროცესი, ხდება დოკუმენტების გაცვლა, ფორმულირებებზე შეჯერება და ა.შ. იმედი გვაქვს რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კვლავ გაიმართება შეხვედრა, რათა შევჯერდეთ ფორმულირებებზე,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.